25 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად პროცესს, ამიტომ დღეს არის შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე - სახალხო დამცველი

"ამ კანონის მიღებამ, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებლობა არის, რომ პარლამენტმა, ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, კანონის მიზანი, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იყოს ასახული, უკვე არსებულ კანონებში შეტანილი ცვლილებითაც შეიძლება იქნას მიღწეული.

"ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთი - კიდევ ერთხელ გავაჟღერო ის პოზიცია, რომელიც გააჩნია სახალხო დამცველს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით.

მოვედი იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში, დაძაბულობა, საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც უკვე თითქმის ორი თვეა, თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს.

ჩემი პოზიცია კანონთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, არ შევალ კანონის დეტალების განხილვაში, ამ დარბაზში იმაზე მეტად ემოციური და იმაზე მეტი არგუმენტების წარმოდგენა გამიჭირდება, რაც აქამდე მომხდარა, ერთადერთი, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას, ამ ფორმით.

ამ კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებლობა არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტში, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. 

დღის ამბები