27 წლის მამაკაცმა ცოლი და სიდედრი, დღეს რუსთავის ერთ-ერთ ხალმხრავალ ადგილზე, პარკში მოკლა. სანადირო თოფიდან 5 გასროლით, გიორგი ფირაშვილმა ცოლს და ცოლის დედას, საბავშო ეტლში მყოფი 9 თვის საკუთარი შვილის თვალწინ ესროლა. პოლიციელებს ადგილზე დახვდა მკვლელობაში ბრალდებულიც.
სასტიკი დანაშაულის ერთ-ერთი მოწმე, სკვერში მომუშავე გამწვანების სამსახურის თანამშრომელია. ქალმა ჩვილი პოლიციელების მისვლამდე ადგილს განარიდა.
თვითმხილველები "კურიერთან" მომხდარს დეტალურად იხსენებენ. ჰყვებიან, რომ გაიგეს 5 გასროლა, ადგილზე მისულებს კი, 21 წლის მარიამ სოფრომაძე და 48 წლის ინგა ბეგაშვილი უკვე მოკლული დახვდათ. ირკვევა, რომ დანაშაულის ადგილი, გიორგი ფირაშვილს არ დაუტოვებია.
რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მოწმეები იხსენებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ახლო მანძილიდან, დამიზნებით ისროდა.
დედა-შვილის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ბოლო პერიოდში, უთანხმოება ჰქონდა და მარიამ სოფრომაძე 9 თვის შვილთან ერთად დედასთან ცხოვრობდა.
"კურიერი" დღეს მოკლული დედა-შვილის საცხოვრებელ მისამართზეც მივიდა. მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ არაფერი იციან. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, გიორგი ფირაშვილი პერიოდულად შვილის სანახავად მიდიოდა.
შემთხვევის ადგილას, დუმბაძის 10 ნომერთან, სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები, მათ შორის, დანაშაულის იარაღი, ნახევრად ავტომატური სანადირო თოფი. გიორგი ფირაშვილს გამოძიება ოჯახის ორი წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 27 წლის მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავა.