25 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
ამერიკის დაზვერვას დასკვნა აქვს დაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს - ალექსანდრე რაქვიაშვილი ჟურნალისტურ გამოძიებაზე და ამერიკელ დიპლომატებზე

"გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, უცხიური მედიის ჟურნალისტური გამოძიება შეაფასა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ აშშ-ის მოქალაქეებზე აკუსტიკური იარაღით თავდასხმას ეხებოდა და მას "უცნაური ისტორია" უწოდა.

მისი განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის დაზვერვას დასკვნა აქვს დაწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს.

"ჩემთვის თავიდანვე ძალიან უცნაური ისტორია იყო, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ რუსები ხალხს კლავენ, წამლავენ და ესვრიან. რომ ასხივებდნენ და ადამიანს თავი სტკიოდეს, მე მგონი ასეთ რაღაცებს არ აკეთებენ და ეს ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა. ამიტომ, მე მოვიძიე ინფორმაცია და ვნახე, რომ ამერიკის დაზვერვას ამაზე დასკვნა აქვს დაწერილი, სადაც წერია, რომ ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის ფულს არ უხდიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ამბავი ტყუილია. ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის არის რაღაც რისკები რუსეთის გავლენის, მათი სპეცსამსახურების მუშაობის და ა.შ. ამიტომ, სიტყვა რუსეთი რომ გაიგეს ავტომატური რეაქცია იყო, რომ რაღაც ეთქვათ. მინიმუმ ამერიკის დაზვერვა დაინტერესდეს, შეწუხდეს და თუ იტყვის, რომ პრობლემაა და მის დიპლომატებს საქართველოში ერჩოდნენ, ეს ჩვენთვისაც პრობლემა იქნება. ისინი ამბობენ, რომ არ ერჩოდა რუსეთი ჩვენს დიპლომატებსო და ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ ამის გამო. იქ წერია, რომ ამ ხალხს ჰქონდა დეპრესია და მე არ მესმის რატომ უნდა ვერკვეოდეთ ამერიკელი დიპლომატების დეპრესიაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის ნებისმიერი ინფორმაცია საფუძველია იმისა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებმა შესწავლა დაიწყონ და შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოს ანგარიში დახურულ ფორმატებში ჩააბარონ.

"ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც მედიაში გაჟღერებული, საფუძველია იმისა, რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებმა შესწავლა დაიწყონ და შემდეგ, ანგარიში ჩააბარონ დახურულ ფორმატებში, არასაჯაროდ წარმომადგენლობით ორგანოს. ამიტომ, ეს ინსტიტუციური მორღვევა, ჩვენ არ ვიცით მართალია თუ არა, რაც ამ გამოძიებაშია, თუმცა რაც ვიცით და რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ არის ის, რომ ინსტიტუციური კონტროლი, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებზე მოშლილი და მორღვეულია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები