25 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, "ენჯეოების" განზრახ შეცდომა, თუ რასთან გვქონდა საქმე - შალვა პაპუაშვილი

თავის დროზე, უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ "ენჯეოებს", მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მის მიმართ სანქცია იყო უსამართლო და უსაფუძვლო.

"ვფიქრობ, ეს არის ნაწილი, მათ შორის პარტნიორული ურთიერთობებისა, როდესაც მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ დადასტურება, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა, იყო აბსოლუტური სპეკულაცია, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი, ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ჯერ არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრიმინირებელი კამპანიის მონაწილენი", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, "ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, "ენჯეოების" განზრახ შეცდომა, თუ რასთან გვქონდა საქმე.

"შეგახსენებთ განცხადებებს მაშინდელი დიპლომატების, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ. გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში საქართველოს მოსამართლეს კონსტიტუციისა და ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით. ამიტომ, ქართველი ხალხი ელოდება პასუხს. ეს იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს მიერ დაფინანსებული "ენჯეოების" განზრახ შეცდომა. რასთან გვქონდა საქმე, ველოდებით განმარტებას და შედეგსაც. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები