ქართველი ფეხბურთელების ზღაპარი გრძელდება. მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ეროვნული ნაკრების წარმატება იზეიმა, უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თავიანთმა კლუბებმაც მიულოცეს. ბუდუ ზივზივაძეს "კარლსრუეში", თანაგუნდელებმა შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს, სადაც ქართველი ფეხბურთელი მეფის გვირგვინით გამოჩნდა.
საბერძნეთთან მატჩის გმირს გიორგი მამარდაშვილს, ეროვნული გმირი უწოდა "ვალენსიამ", სადაც ქართველი მეკარე მესამე სეზონია თამაშობს.
საქართველოს ისტორიული გამარჯვება ესპანურმა კლუბმა ქართულ ენაზე მიულოცა. გუნდელებმა კი გიორგი მამარდაშვილისთვის სიხარულის კორიდორი მოაწყვე.
გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს ოთარ კაკაბაძეს. კრაკოვულმა კლუბმა ფეხბურთელს სიმბოლური ბილეთი გადასცა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მთელ გუნდთან ერთად მიულოცა.
ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი ქოჩორაშვილი იყო. ქართველმა ნახევარმცველმა ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან საოცარი მატჩები ჩაატარა და ვილი სანიოლისთვის ის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. გიორგი ქოჩორაშვილს მისმა კლუბმა "ლევანტემ" გამარჯვება მიულოცა და სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.
გამარჯვების სიხარული და მიღებული ემოციები ახლაც არ ცხრება. ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ახალი ვიდეოები ვრცელდება, სადაც როგორც გულშემატკივრების, ასევე ფეხბურთელების განცდილი სიხარულია ნაჩვენები. ეროვნული ნაკრების სოციალურ ქსელში, დღეს, კლუბის ავტობუსში გადაღებული ვიდეო დაიდო, სადაც ფეხბურთელები წარმატებას აღნიშნავენ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.