25 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე.

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს რამადანის ერთთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა - ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთებმაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

"საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ. სახელმწიფო მუსლიმ თემს გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად არის გამზადებული კიდევ 20 მეჩეთი. სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4 მილიონ 150 ათას ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე. დღესაც, თანამედროვე, ქართული სახელმწიფოს შენებისას საზოგადოების ყელა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ქართველების, აზერბაიჯანელების, ქისტების, ინდუსების, შიიტებისა და სუნიტების ერთად ყოფნის უნიკალური მოდელი, საქართველოს გარდა, მსოფლიოში არ არსებობს.

"ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ხდება იმ დამოკიდებულების გაღრმავება, სახელმწიფოს მხრიდან, მუსლიმი თემისადმი, რაც, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტულ გარემოს ქმნის, რაც ქართველი ერის გენეტიკური რეალობაა. ქართველების, აზერბაიჯანელების, ქისტების, ინდუსების, შიიტებისა და სუნიტების ერთად ყოფნა უნიკალური მოდელი, შეიძლება ითქვას, მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

საქართველოს მუსლიმთა შეიხის, ფაიგ ნაბიევის განცხადებით, ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ცხოვრების წესია.

"დღეს რომ ერთად ვართ შეკრებილნი სასულიერო პირების, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა", - განაცხადა ფაიგ ნაბიევმა.

დღის ამბები