რუსეთი ევროპაზე თავდასხმასა და NATO-სთან ომს არ აპირებს - ირწმუნება ვლადიმირ პუტინი და ამ მოსაზრებას "ბოდვას" უწოდებს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ტვერის ოლქში, სამხედრო მფრინავებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
კრემლის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს. პუტინის თქმით, 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა თავდაცვისთვის 811 მილიარდი დოლარი დახარჯა, რუსეთმა კი 72 მილიარდი.
"ასეთი თანაფარდობით NATO-სთან ომს ვაპირებთ?! ეს, უბრალოდ, ბოდვაა“, - თქვა პუტინმა.
მისივე მტკიცებით, ევროპა თავის მოსახლეობას რუსეთით აშინებს, რათა მეტი ფული გამოსძალოს.