რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარი ტერაქტი, რომელსაც 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, თუმცა, მისი თქმით, ახლა დამკვეთს ეძებს. პუტინი ტერაქტის უკან კვლავ უკრაინის კვალს ხედავს.
"ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ მათი სადაზვერვო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის დამკვეთი,"- აცხადებს პუტინი.
ბრალდების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს ცინიკური არსება უწოდა.
"დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრა და ამას ისევ ტელევიზიით აჩვენებდნენ. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, თუმცა ზუსტად ის არის, ვინც ტერორით იკვებება უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახური. ის როცა წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.