25 ნოემბერი 2024,   17:13
ვრცლად
"ეს მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ" - ხატია დეკანოიძე ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე

აპირებს თუ არა ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს?!

პარტიების ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, რის გამოც ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდი აკრიტიკებს.

ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო პაკეტი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. 8 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რეალურად ეს საკითხი იმისთვის გამოიგონეს, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინონ.

"აზრზე არ ვარ რა განხილვის თემა უნდა იყოს, ვერ ვხვდები, ეს იქნება განხილვის პროცესი კომიტეტზე, ეს იქნება განხილვის პროცესი დარბაზში, რა თქმა უნდა, შეკითხვები შემიძლია დავუსვა, ოღონდ ეს შეკითხვები ნამდვილად არ მოეწონება "ქართულ ოცნებას". არცერთ ადამიანს ეს თემა არ აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პროცესს სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სისულელეში მონაწილეობას არ მიიღებს.

"საქართველოში არანაირი საფრთხე ამ მიმართულებით არ არსებობს. სისულელეა, მაინტერესებს ის პრობლემები, რომელიც რეალურად აქვს მოქალაქეს. სისულელეში არასდროს ვიღებ მონაწილეობას. მივიღებ განხილვაში მონაწილეობას დასაქმების საკითხზე, ფასების სიძვირეზე, კორუფციაზე. სისულელეში მონაწილეობას ვერ მივიღებ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ისინი განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ.

"ჩვენი გუნდი განხილვებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ნებისმიერი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია, მათ შორის ლგბტ პროპაგანდა, ბავშვების წინააღმდეგ არის მავნებლობა, მძიმეა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას განხილვების პროცესში. ასევე მოვუწოდებდით სხვა ოპოზიციას, ნუ იმალებიან, ნუ ეშინიათ ამ თემის", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები