25 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
"ემიგრანტებს უწევთ ათასობით კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა" - რა კითხვები აქვს ოპოზიციას ილია დარჩიაშვილთან

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიპარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით წარდგება. მინისტრს "ევროპელი ოპტიმისტები" კოლეგებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე იბარებენ.

როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა დიდია, ისინი კი, ძირითადად, არჩევნებში ვერ მონაწილეობენ.

"საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული იმ ძალიან მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური ვითარების გამო. ამ ადამიანებს სჭირდებათ და მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამიტომ, მე მაინტერესებს, რამდენად მზად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ამ ადამიანებს გაუხსნას საარჩევნო უბნები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კონცენტრირება შეიძლება დიდი იყოს რომელიმე ქალაქში, მაგრამ იქ არ იყოს ჩვენი საელჩო და საკონსულო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე.

დეპუტატების შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საკონსულოები უნდა გაიხსნას.

"ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გარბის იძულებით ემიგრაციაში ჩვენი მოსახლეობა - ეს არის მთავარი კითხვა. შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები გარბიან ემიგრაციაში, რატომ არ ეძლევათ მათ საშუალება თავისუფალ გარემოში მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს, დიასპორაში ვინც არის, სამწუხაროდ არ აქვს თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უწევთ ათასობით კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ხაჯიშვილი.

დღის ამბები