საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი აქვს. დღეს ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. ნაკრებს შეუერთდა ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რადგან უამრავმა გულშემატკივარმა თამაშზე დასასწრები ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა დიდი ეკრანები, სადაც დღევანდელი მატჩის ჩვენება გაიმართება.
"ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი არის გულდაწყვეტილი იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა, მხოლოდ რაღაც რაოდენობას შეუძლია, დაესწროს თამაშს სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, შესაბამისად, ბევრი გულდაწყვეტილი გულშემატკივარი და გულდაწყვეტილი პატარა დაგვრჩა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ დიდი ეკრანები. ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, მოეწყობა გაზონები, ბავშვებისთვის გაიმართება შესაბამისი ღონისძიებები. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს.
მინდა, ჩვენს ბიჭებს ვუსურვო გამარჯვება. ყველა ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა, შესაბამისად, მინდვრის ყველა მონაკვეთზე მიღწეულ გამარჯვებას, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, მე არ მომეცა ამის შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს, დღევანდელ ჩვენს ბიჭებს აქვთ იმის შანსი, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ"-განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი