25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მხარდაჭერა ჰქონდეს" - მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავარდნილ ინიციატივაზე

ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის გამო, ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე ჩავარდნილი ინიციატივა ბრიუსელში - საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი მხოლოდ "ქართული ოცნებისა" დეპუტატებმა და მოლდოვის დელეგაციის წევრებმა მოაწერეს.

"ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს დაუჭერდა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, უკრაინისა და ოპოზიციის წევრების პოზიციის გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა ამ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი იმისა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა. ინტერესი არის ერთადერთი, როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ რაიმე ფორმატი ან პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართულნი არიან და მზად არიან ყოველთვის ეს გააკეთონ," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ინიციატივამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. შედეგად, დოკუმენტი, რომელიც 3 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, აღარ განიხილება. რეზოლუციის ინიციირებისთვის საჭირო იყო 10 ხმა, თუმცა მას უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

დღის ამბები