25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

მინდა მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.

"ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს. სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი "500." საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა ცხრა ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. წელს მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები