25 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ - პრემიერ-მინისტრი

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.

"ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში – საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; ბოლოს, აგროტექნოლოგიები – აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სააგენტოს ათწლიანი შრომის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო იუბილე. მის მიღწევებს შეაქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლაში, განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებაში.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. თითოეული მათგანის წვლილი, ბუნებრივია, არის განსაკუთრებული. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამომავლოდაც დაგპირდეთ თანადგომას, მხარდაჭერას ყველა თქვენს ინიციატივაში," – განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები