25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე.

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე, მხარეები იმსჯელებენ სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე.

"დაგეგმილია მთელი რიგი შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის, პირველ რიგში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ასევე გაიმართება სამმხრივი მინისტერიალი - საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. თემები შეეხება ქვეყნებს შორის რეგიონულ უსაფრთხოებას, იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია შუა დერეფანთან", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები