25 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
საქართველოს ნაკრები 21 მარტის ისტორიული მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის მზადებას იწყებს. გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კიდევ ერთი შანსი აქვს, თუმცა ამისთვის ერთა ლიგის ნახევარფინალში ჯერ ლუქსემბურგის ნაკრების ბარიერი იქნება დასაძლევი. ამ წყვილში გამარჯვებული, ფინალში ასპარეზობის უფლებას და კონტინენტის პირველობაზე გასვლის რეალურ შანსს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოახლოებული შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. მთავარი სიახლე, გუნდში ჯაბა კანკავას დაბრუნებაა. 3 წლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს და გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში დაეხმარება.

ვილი სანიოლმა სანაკრებო სიის მიღმა დატოვა ირაკლი აზაროვი და საბა ლობჟანიძე. სანაკრებო შეკრება, კვლავ გიორგი არაბიძის გარეშე ჩაივლის.

21 მარტს, ქართველ გულშემატკივრებს, მატჩზე დასასწრებად კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ. "იუ ეფ სის" ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსვლა, მატჩზე დასწრების და საჩემპიონო ქამრის ქართველი გულშემატკივრებისთვის ჩვენების სურვილი გამოთქვა. აქამდე, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მადრიდის რეალის სტადიონზე, სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგინა.

საქართველოს და ლუქსემბურგის მატჩი 21 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

 

 

 

 

დღის ამბები