თბილისის აეროპორტში დაკავებული ირანის მოქალაქე, 22 წლის მამაკაცი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოჰამმად ნურმოჰამმად ზარდ სავარი, საზღვარზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას 300 გრამი ჰეროინი სხეულში ჰქონდა დამალული.
22 წლის მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი არ არის.
პირადი ჩხრეკის და სამედიცინო შემოწმების ოქმები, საქმის ძირითადი მტკიცებულებებია. პროკურორის განცხადებით, ის გარემოებები, რაც გამოძიებამ დაადგინა, ადასტურებს, რომ 22 წლის მამაკაცს სხეულით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ რვა პირი, სამართალდამცველებმა ისინი თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციით აიყვანეს.
თბილისში, მოსკოვის გამზირზე, სამართალდამცველები გვიან ღამით გამოჩნდნენ. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, 23 წლის მამაკაცი, პაველ იურჩენკო. მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - "მარიხუანა“ და "პსილოცინი".
დაკავებული იურჩენკო დანაშაულს აღიარებს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილი იყო ბათუმიც, ხიმშიაშვილი ქუჩა. აქ სამართალდამცველებმა ბელარუსის მოქალაქე აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულს ბინაში ჰქონდა მოწყობილი სათბური. ნივთმტკიცებად პოლიციამ დიდი რაოდენობით კანაფი და მარიხუანა ამოიღო.
ნარკოტიკული საშუალებებისთვის სათბური ჰქონდა მოწყობილი ზურაბ ღვინიაშვილს სოფელ ბოდბისხევში, ერთ-ერთ ფერმაში. სამართალდამცველებმა ადგილიდან კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღეს.
ბოლო რამდენიმე დღეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.