საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 3 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 2 გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს 2 ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ სიგრძის გვირაბი.
"რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის პირველ მონაკვეთზე, 149-ე კმ-თან მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ფარგლებში, იჭრება მიწის მასივები, საფეხურებრივად მუშავდება ფერდი, რის შემდეგაც დაიწყება მისი გამაგრება პროექტის შესაბამისად.
ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, აშენდება ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა და დაიწყება ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული საგზაო ელემენტების მშენებლობა უკვე არსებულ გზაზე.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.