25 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება

გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

მონასტრის ტერიტორიაზე მთავრობის მხარდაჭერით საველე-სამეცნიერო ლაბორატორიები მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იმუშავებენ.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რაზეც მე მიმუშავია. გამორჩეული თავისი სიდიადით. ამ ეტაპზე მიდის სადიაგნოსტიკო სამუშაოები. მე ვარ სამდღიანი ვიზიტით აქ ჩამოსული იმისთვის, რომ დავაკვირდე ამ პროცესებს. ვინაიდან მიდის დაკვირვების პროცესი ამ დროისთვის ზუსტად იმის თქმა, რა გადარჩება და რა ვერ გადარჩება ძალიან რთულია. ერთი შეხედვით თითქოს მოზაიკის დაზიანების მასშტაბები უფრო მცირეა ვიდრე კედლის მხატვრობის. მთავარი არის, რომ სპეციალისტები სწორად არის შერჩეული ამ საქმეში", - აცხადებს მაქს პანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, გერჰარდ ვოლფი.

რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი, რობერტო ნარდი ამბობს, რომ მინიმუმ ერთი წელი იქნება დაკვირვების და შესწავლის პერიოდი. 

"გელათის დროის საზომი არის საუკუნეები. მთავარია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ. რადგან ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ყოველგვარ მოქმედებას წინ უნდა უძღოდეს დაკვირვება. მინიმუმ ერთი წელი იქნება დაკვირვების სწავლის პერიოდი და შემდეგ უკვე ჩარევის. ჯერ კონკრეტული ვადების დასახელება ადრეა", - ამბობს რობერტო ნარდი.

 

 

 

დღის ამბები