სასაზღვრო პოლიციას ახალი ვერტმფრენი გადაეცა. ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა. თანამედროვე, ევროპული H145 ტიპის ვერტმფრენი, ფრანგული კომპანიის ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
აქვს 2 ძრავა, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან თავსებადი იქნება.
მსგავს ვერტმფრენებს იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. უწყების მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გადიან.
კურსი 15 მარტს დასრულდება, რის მერეც ვერტმფრენის ტრანსპორტირება იგეგმება. 3 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით, ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წელს გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.