საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზურაბ ადეიშვილის ბერლინის ბუნდესტაგში საპატიო სტუმრად მიღების საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. პრემიერის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას ელის.
"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, ქართველ ხალხს სურს პირველ რიგში დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის პირველ რიგში სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობა.
ველით შესაბამის რეაგირებას, ეხება ეს ადეიშვილს, ეს ეხება კეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. შეგახსენებთ, ესენი არიან უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები, საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან - ეს არ არის უბრალო დანაშაულები.
როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა საზოგადოებაში ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული.
მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით, რა თქმა უნდა ჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.