25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი ომის მდგომარეობაში, პირველ რიგში პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას - ირაკლი კობახიძე

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და პირიქით, ხელს არ შეუწყობს ხალხების ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით სამწუხარო და დასანანია.

"რეალურად არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს კონკრეტულად უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენელი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინულ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვები, არამედ კონკრეტული საქმით. ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა დოკუემნტები და გადაწყვეტილებები; ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება.

როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს.

თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.

არ მინდა კონკრეტიკაში შევიდე. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ 2 წლის განმავლობაში. ჯერ, როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა - აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან, საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ყოფნა. დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.

შეგახსენებთ განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით, პოდოლიაკის, დანილოვის და სხვების განცხადებებს.

შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს.

ეს არ შეესატყვისება იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიული მეგობრობის სულისკვეთებიდან.

შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და პირიქით, ხელს არ შეუწყობს ხალხების ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

შეგახსენებთ, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას პასუხობს და თავის მხრივ რამდენიმე ულტიმატუმს უყენებს, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაც.

"საქართველოს პრორუსული ხელისუფლება აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს", - წერს არახამია და იმ სამ მთავარ მოთხოვნაზე საუბრობს, რომლის შემთხვევაშიც ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელი იქნება. 

"დაგვიბრუნდეს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან; შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება", - აღნიშნავს არახამია.

დღის ამბები