25 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ადამიანი, რომელიც ძალადობის სიმბოლოა, გერმანიის პარლამენტში მიღებული სტუმარია - ეს არის ძალიან სამწუხარო და იმედი მაქვს, ამაზე განმარტებები იქნება - შალვა პაპუაშვილი ადეიშვილის ფოტოებზე

ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში გადაღებული ფოტოების საკითხი პოლიტიკური განცხადებების თემაა - მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოში ძებნილი, რამდენიმე დანაშაულში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც კრიმინალური რეჟიმის არქიტექტორი იყო, გერმანიის პარლამენტში მიიწვიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი საქართველოში მომხდარი ძალადობების სიმბოლოა და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გერმანია განმარტებებს გააკეთებს.

"ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებული არის უკვე ძალიან ბევრ დანაშაულზე, 4 საქმეზე არის მსჯავრდებული, 3 საქმეზე მიდის პროცესი მის წინააღმდეგ. მათ შორის, ადამიანი მსჯავრდებული არის იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი, გახსოვთ ეს ფაქტი, აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა, ამ ცემის გამო, მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ შემდეგ ამან თავისი გართულებები გამოიწვია.

ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში შექმნა წამების სისტემა ციხეებში; ადამიანი, რომელმაც შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა ჩვენს ქვეყანაში; ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო ძალადობისა - არის გერმანიის პარლამენტში მიღებული სტუმარი, ეს არის ძალიან სამწუხარო და, მე იმედი მაქვს, ამაზე განმარტებები იქნება. ტურისტული მიზნებით იმყოფებოდა თუ ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა, ამაზე იმედია განმარტებებს მოვისმენთ,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ქართული მართლმსაჯულების უპატივცემულობა და ფაქტი იმსახურებს განმარტებას გერმანიის საელჩოს მხრიდან.

"დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ქვეყნის მართლმსაჯულების პატივისცემას რომ თავი დავანებოთ, მათთვისაც პრობლემური უნდა იყოს საპატიო სტუმრად იმ ადამიანების მიჩნევა, რომლებიც მხილებულნი არიან ძალიან მძიმე დანაშაულებში, როგორიც არის, დაწყებული, კობა დავითაშვილზე თავდასხმით, დამთავრებული ბიზნესის რეკეტის არაერთი შემთხვევით, ან მაგალითად TV "იმედთან" რაც არის გაკეთებული, იქაც მსჯავრდებული იყო, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს არც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის იყოს კარგი ამბავი და არც თვითონ გერმანიისთვის არ უნდა იყოს მაინც და მაინც საამაყო ამბავი,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები