25 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ოპოზიციის PR სტრატეგია და სააკაშვილის გუნდის პოლიტ-ტექნოლოგ ჯერემი როზნერის რჩევები ოპოზიციისთვის - როგორია მმართველი გუნდის შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებების მიღმა, ახალ კამპანიას ხედავს. მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანაში გაზრდილ ფასებზე ოპოზიცია ერთხმად კონკრეტული მიზნით ალაპარაკდა, რათა ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვაზე გაუცემელი პასუხები გადაფაროს. ყურადღების გადატანის ტაქტიკის ავტორად მდინარაძე ამჯერადაც ოპოზიციის პოლიტტექნოლოგ, ჯერემი როზნერს ასახელებს. მისი თქმით, გაზრდილი ფასების დარეგულირებაზე პრემიერ-მინისტრი უკვე მუშაობს, რაც ოპოზიციისთვისაც ცნობილია.

დახლებზე გაზრდილ ფასებზე სასაუბროდ ოპოზიციის ნაწილი სესიაზე მომზადებული მივიდა. ჩეკებით - აწმყოდან და წარსულიდან. ნაწილი ერთმანეთს რეგიონის ქვეყნების ფასებს, ნაწილი კი 12 წლის წინანდელ კალათას ადარებდა. ძირითადად საუბრობდა "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა არა მხოლოდ.

ოპოზიციის განცდები ყალბად მიიჩნიეს მმართველ გუნდში, სადაც პრობლემას არ უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს. ოპონენტებს წლების წინ სასურსათო ბაზარზე არსებული მანკიერი პრაქტიკა შეახსენეს და უთხრეს, რომ ახალი პოლიტ-ტექნოლოგიებით ძველის დავიწყება გაჭირდება.

გაზრდილ ფასებზე საუბარი სესიაზე პირველებმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაიწყეს, სულ მალე კი რეპლიკებმა ცხარე დისკუსიის ფორმა მიიღო, რადგან მმართველ გუნდს ოპოზიციის შედარებები არარელევანტური ეჩვენა.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი აქცენტები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ "გირჩში," სადაც მიიჩნევენ, რომ როგორც ასეთი, ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი სწორია, თუმცა სხვა რამაა არასწორი. თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ე.წ. როზნერის გეგმას უარყოფენ, სასესიო დისკუსიებს კი თემის აქტუალობით ხსნიან.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის შეთავაზებებს ელიან, თუ რა ხედვა აქვთ მათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე. ამავე დროს, კონკრეტული პასუხების მოსმენის მოლოდინი ნაკლებად აქვთ.

დღევანდელ სესიაზე პოლიტიკური განცხადებები სხვა აქტუალურ საკითხებსაც დაეთმო. ქალმა დეპუტატებმა ყურადღება ოჯახურ ძალადობასა და ფემიციდზე გააკეთეს. აქცენტების ნაწილი საპენსიო თემატიკასა და ამნისტიის საკითხს შეეხებოდა. ისმოდა განცხადებები შინაურ ცხოველებზე მიღებულ რეგულაციებზე, ბახმაროში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

დღის ამბები