25 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
არ ვიცი, რამდენად საჭიროა ჩვენი თანამოქალაქეების იმისგან დაცვა, რომ კაცი ქალი არ ეგონოთ და ქალი - კაცი - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ლგბტ პროპაგანდის საკითხი "ქართული ოცნების" მიერ არის მოგონილი იმისთვის, რომ არ განიხილონ ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

მისი თქმით, არ არის ხალხის დაცვა საჭირო იმისგან, რომ კაცი ქალი არ ეგონოთ და ქალი - კაცი.

"ქართულ ოცნებას", ხანდახან, სწორი ინიციატივებიც აქვს. რაც შეეხება ცხოველების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, ნამდვილად საჭიროა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხისთვის, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საჭიროა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები იმისგან, რომ კაცი ქალი არ ეგონოთ და ქალი - კაცი. მგონია, რომ ეს პრობლემა მოგონილია "ქართული ოცნების" მიერ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობის უფლები იყოს დაცული, რათა მათ თავიანთი შვილები მშვიდ, წყნარ და კომფორტული გარემოში გაზარდონ.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ თავიანთი შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტული გარემოში. ისეთ გარემოში, როგორშიც ბავშვს არ ექნება არატრადიციული, გენდერული მრავალფეროვნების ზეწოლა და ბავშვს არ მოუწევს, თავისი მოზარდულ ფსიქიკაზე ისეთი ზემოქმედებების მიღება, რომელიც, მის, როგორც ბიოლოგიურად შექმნილი ადამიანის, ცხოვრების წესზე მოახდენს ზემოქმედებას. მოვუწოდებ ოპოზიციას, გაბედეთ და ერთხელ ამ საკითხში მაინც დაიკავეთ ეროვნული პოზიცია, რადგან, თავის დროზე, როდესაც ჩვენ კონსტიტუციით მოვაწესრიგეთ ოჯახის საკითხი, ამას ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა საქართველოსთვის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" გამოგონილ პრობლემებს ებრძვის და უგულებელყოფს იმ რეალურ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

"როდესაც გამოგონილ პრობლემებს ებრძვით, არის წისქვილებს ებრძვით, მე არ მახსენდება კონკრეტულად არცერთი ინიციატივა, რომელიც თუნდაც სოციალური საკითხების უკეთესად დახვეწისთვის იყო კონცეპტუალურად წარმოდგენილი უმრავლესობის მხრიდან. ეს მხოლოდ გაზრდილ ბიუჯეტს ეხებოდა, ხარჯების გაბერვას, მათ შორის, განსაკუთრებით ბიუროკრატიულ სექტორზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თვითონ არის ჩართული ლგბტ პროპაგანდის გაღვივების პროცესში და ხელს უწყობს მას.

"სამართლებრივ სახელმწიფოში ზრუნავენ, როგორც უმცირესობების უფლებების, ასევე - უმრავლესობის უფლებების დასაცავად. ამ თემის ირგვლივ პროპაგანდამ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიურ ხასიათს იღებს, თავად უმრავლესობა გახდა დასაცავი. დაცვა სჭირდება ხალხსა და ქვეყანას, რომელსაც ამჯერად, უიარაღოდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ანადგურებენ, ეს კი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი საომარი ქმედება. "ნაცმოძრაობის" ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი საბოლოო და სრული ლუსტრაცია მოხდა და, ამით, მათი პოლიტიკა განულდა და ფარისევლური მზრუნველობის მანტია შემოეხსნათ. ესე იგი, ისინი ამ პროპაგანდის მხარდამჭერები არიან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები