25 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
შარშან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებლებს 26%-ით გადააჭარბა - ირაკლი კობახიძე

ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია თბილისში - ღონისძიება, "პარაგრაფ თბილისში", საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი კობახიძემ ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში, სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. პრემიერი ამბობს, რომ შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც ქვეყანამ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწევს, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კი 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. პრემიერი ამბობს, რომ წელსვე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც.

"ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს, საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებლებს 26%-ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა. 28 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი. სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ ნახევარი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. პირველ რიგში, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, რომელიც ტრანზიტული-ლოჯისტიკური ცენტიც იქნება, მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. წელს, დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ასევე, დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები