25 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
რატომ გაიმეტა მეგობარი და ნათლიის შვილი 21 წლის მამაკაცმა სასტიკი სიკვდილისთვის - გენდერული ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის გზას ირჩევს

ახალგაზრდა ქალს, რომელიც საკუთრებად მიაჩნდა დანა 59-ჯერ დაარტყა - ამ დრომდე არავინ იცის რატომ გაიმეტა მეგობარი და საკუთარი ნათლიის შვილი 21 წლის მამაკაცმა წამებით სიკვდილისთვის.

სოფელ წინუბანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები სოციალური ქსელების მიმოწერითაც გახდა ცნობილი. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს ღამის 2 საათზე მოკლა, ცხედარი ორმოში ჩააგდო, სისხლიანი შარვალი ურნაში და მიიმალა.

ოთარ ცინდელიანი მკვლელობიდან 18 საათში სამეგრელოში დააკავეს.

პროკურორი ამბობს, რომ მას ქვეყნის დატოვება სურდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და სასჯელის შემსუბუქების იმედით სამართალდამცველებს ჩაბარდა. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი და ქურთუკი, რომელიც სისხლით იყო გაჟღენთილი.
ოთარ ცინდელიანს საკუთარ ტელეფონში ქეთი ჯავახიშვილთან მიმოწერა წაშლილი აქვს, თუმცა ეს მიმოწერა დარჩენილია მოკლულის ტელეფონში.

მამაკაცი, რომელიც 21 წლის გოგოს საკუთრებად თვლიდა, როგორც საკუთარ ნივთს ისე მოექცა, თავად გადაწყვიტა, რომ ქეთი ჯავახიშვილს აღარ უნდა ეცოცხლა და მას სხეულის სხვადასხვა წერტილში, ათობით ჭრილობა მიაყენა.

გენდერული ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული, დუმილის გზას ირჩევს. ოთარ ცინდელიანს, სასტიკ დანაშაულზე სასამართლო პროცესზე სინანულიც კი არ გამოუხატავს.

მარტივი მისახვედრია, რომ დაცვის მხარე ოთარ ცინდელიანის ციხიდან დახსნას, დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აპელირებით შეეცდება. ადვოკატს მედიასთან კომუნიკაციას, ბრალდებულის ოჯახი უკრძალავს.

ირკვევა, რომ დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის შემდეგ, ოთარ ცინდელიანი იმავე სოფელში მცხოვრები ბებიის სახლში მივიდა. სწორედ მისი ბინიდან აქვს გამოძიებას ამოღებული დანაშაულის იარაღი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკისას კი, ნაპოვნია სისხლით გაჟღენთილი შარვალი. დაკავებულის ოჯახი სახლიდან არ გამოდის.

ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შეიძლება ფულიც ყოფილიყო. სოფელში, სადაც მკვლელობა მოხდა, ეჭვობენ, რომ ცინდელიანი გოგოს თანხასაც სძალავდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქეთი ჯავახიშვილი, ცინდელიანმა საკუთარი სახლიდან გვიან ღამით გაიყვანა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ზურგს უკან ხელებშეკრული ცხედარი, მკვლელმა სახლთან ახლოს თხრილში დატოვა. მოკლული მეზობელმა იპოვა, შვილი კი, მამამ ამოიცნო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანმა მიმალვა სცადა, თუმცა საბოლოოდ, ის პოლიციას ჩაბარდა.

მკვლელობის საქმის გამოძიება ახლაც გრძელდება. მრავალტომიან საქმეში კი, არაერთი მტკიცებულება უკვე დევს. მათ შორის, სავარაუდო მკვლელისა და მსხვერპლის მიმოწერა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ოთარ ცინდელიანს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები