25 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
მადლობა მინისტრს ყველა კარგი საქმისთვის, მაგრამ კომუნიკაციის კარგად დასარეგულირებლად ახალი სისხლია საჭირო - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი გამოწვევა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გამოიკვეთა, კომუნიკაციის პრობლემა იყო.

მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს გაწეული სამსახურისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ კომუნიკაციის კარგად დასარეგულირებლად "ახალი სისხლია საჭირო".

"ძირითადი პრობლემები, რაც გამოიკვეთა ჯანდაცვის სფეროში, იყო კომუნიკაციის პრობლემები, მათ შორის, სპეციალისტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ იციან ამ სფეროს შესახებ. ამ ადამიანების აზრის გათვალისწინება პრიორიტეტია, ბუნებრივია, როგორც ჯანდაცვის, ისე ნებისმიერ სხვა სფეროში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მადლობა მინისტრს მის მიერ გაწეული ყველა კარგი საქმისთვის, მაგრამ ახალი სისხლია ნამდვილად საჭირო ამ კომუნიკაციის კარგად დასარეგულირებლად.

მაგალითად, წინა დღეებში, ალბათ გახსოვთ, რომ ონკოპაციენტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო. იქ იყო სუფთა კომუნიკაციის პრობლემები. მათ შორის, იყო მარტივი სამენეჯმენტო საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც შეიძლებოდა ალბათ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტიანად, იქიდან გამომდინარე, რომ იდეა იყო ძალიან კარგი და კომუნიკაციის ნაკლებობის გამო, ვიღაცები ახერხებენ, რომ ეს ამბავი ცუდად გამოვიდეს საზოგადოების თვალში. ამ კარგ საქმეს უნდა კიდევ უფრო მყარი მენეჯმენტი, კიდევ უფრო მყარი კომუნიკაცია და როცა, ზოგადად, ჯანდაცვის სექტორი - ექიმები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სამინისტროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს კარგი ამბები ჩვენს მოსახლეობაზე ასევე ადეკვატურად და პოზიტიურად აისახოს, აქ კომუნიკაციის პრობლემების გამო არ უნდა იყოს ხარვეზები,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები