25 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
მსოფლიოში 38-ე ადგილი და 34 პოზიციით გაუმჯობესებული პოზიცია - "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოში 38-ე ადგილი და 34 პოზიციით გაუმჯობესებული პოზიცია. ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სადაც "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით, საქართველომ პოზიცია საგრძნობლად გაიუმჯობესა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

იტალია, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი - "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრ, ჯამში 16 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

კვლევის მეთოდოლოგიაში წერია, რომ შეფასება მიზნად ისახავს ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნის თავისუფლების ანალიზს, როგორიცაა მექრთამეობა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, პატრონაჟი, გაფლანგვა, მითვისება. ქვეყნის მოწინავე პოზიციის მაჩვენებლებს ოპოზიცია ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა ამბობენ რომ ციფრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე რეალურად უნდა აისახოს

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა - 2024 წელს კი, საქართველო პირველად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორში შეფასებისას, 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ 61,1% მიიღო და ბოლო 12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ექსპერტების შეფასებით, ეს პროგრესი შესამჩნევია უცხოელი ინვესტორებისთვისაც.

შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო შეფასებული, რაც არაკეთილსინდისიერების სტატუსის მაჩვენებელია და ე.წ. რეპრესიულ ზონას მიეკუთვნებოდა.

დღის ამბები