25 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუცია და შესწორების სახით შესული მიხეილ სააკაშვილის საკითხი - როგორ აფასებენ სტრასბურგში მიღებულ დოკუმენტს თბილისში

მმართველი პარტიისთვის ლობიზმის შედეგია ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესული ის შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხება. დოკუმენტში ცვლილების ავტორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. ფოტიგა მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით ითხოვს, მოწოდებაა სალომე ზურაბიშვილის მიმართაც. მოქმედ პრეზიდენტს ყოფილის სასარგებლოდ კონსტიტუციურ უფლებას ახსენებენ.

ანა ფოტიგას ავტორობით გაკეთებულ შესწორებას "ნაციონალური მოძრაობა" არა ფინანსური დაინტერესების შედეგს, არამედ ევროპარლამენტარების პოლიტიკურ ნებას უკავშირებს. ლევან ხაბეიშვილმა დღის ბოლოს ბრიფინგი გამართა და ფოტიგას ინიციატივის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვა. ”ნაციონალურ მოძრაობას” პრეზიდენტისგან დამაჯერებლობა აკლია, სიტყვების ნაცვლად ზურაბიშვილს ქმედებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ აბზაცს "ქართულ ოცნებაში" პროვოკაციულს უწოდებენ. ინტერესდებიან, როგორ მოხდა, რომ დოკუმენტის დასრულებულ ვერსიაში ახალი შესწორება გაჩნდა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ევროპული სტრუქტურები ერთის მხრივ ქართული პოლიტიკური სპექტრისგან დეპოლარიზაციას ელოდებიან პოლარიზაციის გაღრმავებას კი ხელს თავადვე უწყობენ.

რეზოლუციის შესწორების გათვალისწინება ოპოზიციის ნაწილისთვის დეპოლარიზაციის გარანტიაა, ნაწილი კი საპირისპიროს ფიქრობს და მიაჩნია, რომ სააკაშვილის საკითხის გააქტიურებას მასთან დაახლოებული ევროპარლამენტარები ცდილობენ ზოგადი დამოკიდებულება კი ევროპაში სულ სხვაგვარია.

"ქართული ოცნებისთვის" ევროპელი კოლეგების მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ჩანაწერი არაკომპეტენტურთან ერთად, პოლიტიზირებულია. სახელისუფლებო ძალაში იხსენებენ, რომ გუშინ მიღებული შესწორება ერთადერთი მაგალითი არაა, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ევროპარლამენტარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ბოლო ასეთი ფაქტად კი გასულ კვირას, ფრანგი ევროპარლამენტარის მოთხოვნა გაიხსენეს. ნატალი ლუაზომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი გათავისუფლება ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.

ევროპარლამენტის რეზოლუციას ვრცელი პოსტით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან ევროდეპუტატების კონკრეტული განცხადებებისგან გამიჯვნას ელოდება.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ზოგადად საქართველოს მხარდაჭერას ეხება. დოკუმენტებში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და დადებითადაა შეფასებული საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ დამოკიდებულება. რეზოლუციაში შესწორების სახითაა შესული მიხელ სააკაშვილის საკითხი.

 

 

 

 

 

დღის ამბები