25 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ევროპის სადამკვირვებლო მისიაში იწყებს მუშაობას - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში და ოპოზიციაში

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში მიზანმიმართულად იყო ჩართული. საუბარია 2020 წელს სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ არასწორ შედეგებზე, რომლის აღიარებაც ორგანიზაციას 2021 წელს მოუწია. არასამთავრობოს იმდროინდელი თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე დღეს ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში მუშაობს - ეს ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარემაც საეჭვოდ მიიჩნია. პაპუაშვილმა თქვა, რომ ISFED და მათი დონორი საზოგადოებას გამიზნულად ატყუებდნენ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ნიჟარაძეს ქვეყანაში პოლიტიკური რყევების გამოწვევაში შეტანილი წვლილი დაუფასდა.

ბრალდებებზე პასუხის გაცემა დღეს სამართლიან არჩევნებში არ ისურვეს. ნიჟარაძის ინტერესების დაცვა კი სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მოუწიათ. მესამე სექტორში, პარალელური ხმის დათვლის შედეგების არაზუსტი მონაცემების გამოქვეყნებას ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ. ნიჟარაძის კეთილსინდისიერებაში კი ეჭვი არ ეპარებათ. არასამთავრობოები სახელისუფლებო პარტიას დისკრედიტირების მცდელობაში სდებენ ბრალს.

მიუხედავად წარსულში თავად ISFED-ის აღიარებისა, პარალელური ხმის დათვლის 2020 წლის მონაცემების ოპოზიციის ნაწილს კვლავ სჯერა. მეორე ნაწილი კი, შეცდომას მხოლოდ ნიჟარაძის არაპროფესიონალიზმს უკავშირებს.

ISFED-მა PVT-ის გაყალბებით ოპოზიციას დესტაბილიზაციის საფუძველი შეუქმნა - ასეთია მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" სამართლიანი არჩევნების რეპუტაციას სრულად არასანდოს უწოდებენ. ამბობენ, რომ გარკვეულმა ძალებმა 2020 წელს სამართლიანი არჩევნები და მისი თავმჯდომარე დესტაბილიზაციისთვის შესაბამისი ფონის შესაქმნელად გამოიყენეს. შესაბამისად, მომდევნო არჩევნებზე მათი კვლავ სადამკვირვებლო სტატუსით მონაწილეობა მხოლოდ ნეგატიური იმპულსის შემცველი იქნება.

სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას დღეს არც ევროპულ სტრუქტურაში დასაქმებული ელენე ნიჟარაძე გამოხმაურებია. პარალელური ხმის დათვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის სპიკერმა ISFED-ის 2020 წელს გამოქვეყნებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები შეახსენა.

ელენე ნიჟარაძეს აქვს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება , როგორიცაა იურიდიული ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი, დირექტორის მოადგილე და აღმასრულებელი დირექტორი. ელენეს აქვს საარჩევნო და ადგილობრივი მმართველობის რეფორმებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მან მოამზადა საკანონმდებლო რეკომენდაციები და მხარი დაუჭირა მათ მიღებას. ელენეს აქვს არჩევნებზე მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება. იგი მონიტორინგს უწევდა არჩევნებს, აწყობდა და ატარებდა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ტრენინგებს, კონფერენციებს, მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სხვადასხვა საარჩევნო დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა მსგავს აქტივობებს. ელენას აქვს საარჩევნო დავების გადაწყვეტის კარგი გამოცდილება. მოამზადა მოხსენებები, ანალიტიკური ჩანაწერები, სტატიები, სასწავლო მასალები, განცხადებები და სხვა სახის დოკუმენტები. გარდა შიდა არჩევნებისა, ელენეს აქვს არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება "ენემოსა"-სა და ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო მისიებში.

ელენეს აქვს სამართლის მაგისტრი "შედარებით კონსტიტუციურ სამართალში" ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო). ელენეს მიენიჭა ახალგაზრდა მკვლევრის სტიპენდია საერთაშორისო სამართლის სფეროში კვლევების ჩასატარებლად პოლონეთის ლოძის უნივერსიტეტში (2004-2005)წლებში.
 

 

დღის ამბები