25 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"შეიძლება დიდად აღფრთოვანებულები არ ვართ გახარიასთან ურთიერთობით, მაგრამ მე მომიწევს ანგარიში გავუწიო იმას, თუ ბარიერს გადალახავს" - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში არჩევნების შემდგომ კოალიციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შეკვრა ამომრჩევლის მოტყუება იქნება.

"თუ ჩვენ ვპოზიციონირებთ, რომ ვართ ოპოზიცია და გვინდა ცვლილებები, არ ვეგუებით იმას, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის უსამართლობას, როგორ შეიძლება მოატყუო ხალხი, ოპოზიციაში ვარო და კოალიცია გაუკეთო "ქართულ ოცნებას"?! ეს ხალხის მოტყუებას ნიშნავს ყველა შემთხვევაში. შეიძლება დიდად აღფრთოვანებულები არ ვართ გახარიასთან ურთიერთობით, მაგრამ მე მომიწევს ანგარიში გავუწიო იმას, თუ ბარიერს გადალახავს, რომ ქართველებმა ასე გადაწყვიტეს, რომ ამ კონფიგურაციით ოპოზიცია დავსხდეთ ერთად.

სინამდვილეში, მრავალი პარტიის მიუხედავად, არსებობს ორი ტიპის არჩევანი - ან ხმას აძლევ "სტატუს ქვოს" ანუ "ქართულ ოცნებას" ტოვებ ხელისუფლებაში, ან ცვლილებებს. თუ ოპოზიცია, ჯამში, მოვალთ ხელისუფლებაში და ვიღაცა ოპოზიციიდან კვლავ ივანიშვილს დატოვებს ხელისუფლებაში, ეს იქნება ამომრჩევლის მოტყუება. ამას წყვეტს ხალხი - ჩემი ნება რომ იყოს, არა მარტო "ქართულ ოცნებას", არამედ ბევრ ოპოზიციონერსაც არ გავაკარებდი ხელისუფლებას, მაგრამ თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ამ კონფიგურაციით, როგორც იქნება ოპოზიციურ ველზე უმრავლესობა შეკრებილი, მე რა უფლება მაქვს ვინმე დავბლოკო და უარი ვუთხრა? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა, ხალხისთვის ანგარიშის გაწევა,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები