"როცა საჯარო სფეროში ეწევი ისეთი თემის პროპაგანდირებას, რომელიც რადიკალურად მიუღებელია საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს არის ზუსტად "ლგბტ პროპაგანდა", რაც საბოლოო ჯამში, თუ პრევენციული ნაბიჯები არ გადავდგით, მიგვიყვანს ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებებამდე, როგორიც იყო 1 თუ 2 წლის წინ,"- ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, პროპაგანდისთვის სხვადასხვა საშუალებებია გამოყენებული.
"ჩვენ, დაახლოებით, 10-15 წლის წინ ე.წ. ლგბტ აღლუმებთან დაკავშირებით საკითხებს იუმორით ვუდგებოდით, მაგრამ შემდეგ უკვე გააოფიციალურეს ეს და თქვენ გახსოვთ, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებებიც სადამდე მივიდა. ეს იყო ზუსტად იმ "ლგბტ პროპაგანდის" შედეგი, რომელიც არის მიუღებელი საქართველოს 90%-თვის.
ჩვენ წერილში შემთხვევით არ აღვნიშნავთ - ის, რაც მიუღებელია საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის, იმის პროპაგანდირებას რომ აფინანსებ და ეს ოფიციალურად დევს იქ, რომ საელჩოები აფინანსებენ, ეს არის მიუღებელი.
პროპაგანდის სხვადასხვა სახეობები არსებობს - მედიასაშუალებები, წიგნები, სოციალური ქსელი და ა.შ. ბევრი სახეობაა. იმაზე მეტი პროპაგანდა რა გინდათ, რომ 2-3 წლის წინ თავად ამერიკის ელჩი იყო იქ, "ლგბტ პროპაგანდაზე" და წამახალისებელი იყო მისი განცხადებები.
ნებისმიერი პირის პირადი სივრცე არის დაცული საქართველოში, მაგრამ როგორც კი მე გავდივარ საჯარო სფეროში, იქ უკვე მოქმედებს კანონი. როცა მე ჩემს პირად სფეროში ვარ, კი ბატონო, მე "ლგბტ პროპაგანდას ვეწევი" თუ სხვა რამეს, რომელიც შეიძლება, მიუღებელია საზოგადოებისთვის, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ მე როგორც კი საჯარო სივრცეში გავდივარ, ამისთვის არსებობს ეს კანონები, რომ საჯარო სივრცეში საზოგადოებრივი წესრიგი დაარეგულიროს.
როცა საჯარო სფეროში შენ ეწევი ისეთი თემის პროპაგანდირებას, რომელიც რადიკალურად მიუღებელია საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ეს არის ზუსტად "ლგბტ პროპაგანდა", რაც საბოლოო ჯამში, თუ პრევენციული ნაბიჯები არ გადავდგით, მიგვიყვანს ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებებამდე, როგორიც იყო 1 თუ 2 წლის წინ,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.