25 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე - ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში, ევრონიუსის სტატიის გრაფიკული გამოსახულება შეიცვალა

ევროკავშირის კარი და გაწევრიანების რიგში მდგომი ქვეყნების ეროვნული სიმბოლიკა - გრაფიკული გამოსახულება, რომელიც „ევრონიუსის“ გვერდზეა განთავსებული და სტატიას დაურთეს,  ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივასა და კონკრეტული ქვეყნების პროგრესზე გვიყვება.

უხეში შეცდომა სწორედ მასალის ამ ყველაზე თვალსაჩინო ნაწილში იყო დაშვებული - საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით...

საერთაშორისო მედიაში საქართველოს ამ ფორმით წარმოჩენა პრინციპულად მიუღებელია - სწორედ ეს პოზიცია ქონდა ფაქტის გაცნობის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

რუკის დამახინჯება, როგორც პროპაგანდისტული მეთოდი რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია მედიის თუ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. ამ შემტხვევაში პოლიტიკოსების გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ მსგავსი შეცდომა ასეთი მაღალი დონის, დასავლური მედიასაშუალების გვერდზე აღმოჩნდა. ევრონიუსი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლობების მიერ დაარსებული არხი.

შეგნებული თუ შემთხვევითი შეცდომა - საკითხის გარკვევის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ოპოზიციაშიც აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ფაქტები დაუშვებელია და რეაგირებას საჭიროებს.

როგორ აღმოჩნდა დამახინჯებული რუკა ევრონიუსის გვერდზე - თავად მედიასაშუალების მხრიდან საკითხის განმარტება არ მომხდარა, თუმცა ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში სტატიის გრაფიკული გამოსახულება შეიცვალა. იქ სადაც მანამდე საქართველო ოკოპურიბული ტერიტორიების გარეშე იყო მოხაზული, ამჯერად ქვეყნის რუკის კონტურტების ნაცვლად მხოლოდ დროშაა დატანილი.

საკითხს წერილობით გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ „ევრონიუსი“ ევროკავშირისგან დამოუკიდებელი, კერძო კომპანიაა, ხოლო თავის მხრივ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „კურიერს“ განუმარტეს, რომ უწყება მსგავს ფაქტებზე დიპლომატიური არხებით მუდმივად რეაგირებს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

დღის ამბები