ენტონი ბლინკენის მიმართვაზე, რობინ დანიგანს განმარტების გაკეთება მოგვიანებით უკვე სხვა ღონისძიებაზე მოუხდა. დიპლომატისთვის გაუგებარია, რატომ მიიქცია ყურადღება ამერიკის სახელმწიფო მდივნის შიდა განკარგულებამ, რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გენდერული ტერმინების გამოყენებისგან. ელჩი ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განკარგულებაზე, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყო საუბარი ”ხალხის ძალამ”. პოლიტიკური ჯგუფის წევრები, ბლინკენის მიმართვას საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის საფრთხედ აღიქვამენ. ადამიანის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მხრიდან ლგბტ თემის შესახებ გამოცემის დაფინანსებასაც.
ლბგტ თემის პროპაგანდის გაძლიერებას უკავშირებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის დადგენილებას, კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელიც. ვატო შაქარიშვილის აზრით, ამერიკის შიდა პოლიტიკის მეგობარ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხე რეალურია.
ოპოზიცია, უმცირესობის უფლებების დაცვის თემაზე და ელგებეტე თემის პროპაგანდაზე საუბარს თავს არიდებს. დღეს, დეპუტატების უმრავლესობა მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
ოპოზიციურ პარტიებში, გამონაკლისია "გირჩი", რომელიც ღიად ამბობს, რომ ამერიკის იდენტობის პოლიტიკა არ მოსწონს. განმარტავენ, რომ მსგავსი მიდგომით ადამიანის უფლებები, პირიქით, ირღვევა.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საკითხები, რომელიც ლგბტ პროპაგანდას უკავშირდება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რაც სხვადასხვა პრეცედენტებიდან გამომდინარე, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
ამ თემაზე მსჯელობა, როგორც ჩანს საქართველოშიც გაგრძელდება, უკვე რამდენიმე დღეა "ხალხის ძალა" ლგბტ პროპაგანდაზე წერილებს ავრცელებს და რეაგირებას ითხოვს.