25 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
მესამე სექტორის მითითება - რა ინსტრუქცია მისცეს ბაია პატარაიამ და ნინო ლომჯარიამ ოპოზიციას

"ლელოში" ადასტურებენ, რომ მათი სამიზნე აუდიტორია, სწორედ ის ამომრჩეველია, რომელზეც მესამე სექტორი ოპოზიციურ სპექტრს მიუთითებს. საუბარია ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას ინსტრუქციაზე, რომელიც ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატის მოზიდვას გულისხმობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ 3 ძლიერი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბებას ურჩევენ. ერთში "ნაციონალური მოძრაობისგან", მეორეში სახელისუფლებო გუნდიდან წასულები უნდა გაერთიანდნენ. ე.წ შუაშისტური გაერთიანება კი "ლელომ" უნდა შექმნას.

ხაზარაძის გუნდში სამომავლო კოალიციებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ვერ ხსნიან, როგორ შეიძლება დალაგდეს მსგავსი კომბინაცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობის გარეშე.

მესამე სექტორის ინსტრუქცია და ოპოზიციური პარტიების ნაწილის მცდელობა "ნაცმოძრაობისგან" დისტანცირდეს მმართველი გუნდისთვის სიმულაციურია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეურ კავშირში მყოფი - "ლელო", "საქართველოსთვის", "დროა", "გირჩი" და სხვა ძალები, ახალი ტაქტიკით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მიზანი ერთია - ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის მართვის სადავეების დაბრუნება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პროცესში ყოფილი სახალხო დამცველის ჩართვის მიზეზებზეც ისაუბრა.

პარლამენტის სპიკერის ბრალდებებს ლომჯარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ყოფილმა ომბუდსმენმა პოსტზე ყოფნის დროს არსებულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ბრალდების საწინააღმდეგო არგუმენტები არ მოუყვანია. ნინო ლომჯარიას და ბაია პატარაიას დღეს არც იმ რეკომენდაციებზე უსაუბრიათ, რომელიც ოპოზიციის მიმართ გასცეს.

მათ ფორმულას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალური მოძრაობა" ერთობას მხოლოდ სააკაშვილის ლიდერობით განიხილავს, "გირჩი" კი კოლეგებს ამომრჩევლის მიზანმიმართულ მოტყუებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციისთვის მესამე სექტორის ნაკარნახევ ტაქტიკას მორიგ აღიარებას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, "ნაცმოძრაობის" დივერსიფიცირების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია.

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია მესამე სექტორის ინსტრუქციის შესრულებას, ჯერ უცნობია. საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე, მათმა ნაწილმა კამპანია უკვე დაიწყო. ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ზოგი რეტრო ფორდ მუსტანგით, ზოგიც კი კვლავ პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ცდილობს.

დღის ამბები