25 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
შეერთებული შტატების ახალი ელჩის პირველი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში - რა განცხადებები გააკეთა რობინ დანიგანმა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქართველ კანონმდებლებს, პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები გადასცა. რობინ დანიგანი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით პირველად წარდგა. დიპლომატმა შესავალ სიტყვაში მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები, ეს მხარდაჭერა კი ელჩის განმარტებით, კონკრეტულ მონაცემებში აისახება.

დახურულ შეხვედრაზე სწორედ არჩევნების თემაზე დაუსვეს კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამერიკელ დიპლომატს. მმართველი პარტიის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული პარტნიორი მყარი გარანტიაა.

თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები რომ დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელი პირობაა, ეს რობინ დანიგანმა საკუთარ გამოსვლაში დააფიქსირა. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის, ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

ამერიკა საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, პირდაპირი ავიამიმოსვლა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების აუცილებლობა, ორი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დაუსვეს კითხვები მმართველი გუნდის წევრებმა ამერიკის ელჩს. უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ ეს დრო დიპლომატთან გულწრფელ და კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ გამოიყენეს.

კომიტეტის ღია და დახურულ ფორმატებში გამართული დისკუსია, მისი დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის პარტნიორული კავშირების გამყარება.

ამერიკის ელჩმა კანონმდებლებს დაუდასტურა, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების გზებზე ახალი ინიციატივების მოლოდინშია.

 

დღის ამბები