25 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ვეტინგის სისტემა - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში ალბანურ მოდელთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია საქართველოს ალბანეთთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სამივე ქვეყანას საქართველო არაერთი ავტორიტეტული კვლევის მიხედვით ყველა პარამეტრით უსწრებს. შალვა პაპუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყავს ოპოზიციას ვეტინგის სისტემის საჭიროების არგუმენტად ალბანეთის, მოლდოვასა და უკრაინის მაგალითები.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამივე ქვეყანაში ამ პრინციპით რეფორმა სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია, მაგალითად ალბანეთში ვეტინგის აუცილებლობა კორუფციის გამო დადგა, შალვა პაპუაშვილის თქმით კი, ქართულ მართლმსაჯულებაში ასეთი საფრთხე არ არსებობს. ვეტინგის იდეა ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის და მას ოპოზიციის ერთი ნაწილი იზიარებს. პარტიებში ამტკიცებენ, რომ რეფორმის ეს მოდელი საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურაა.

ოპოზიცია აქცენტს ისევ ალბანურ მოდელზე ამახვილებს და პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოს ფორმირებაზე საუბრობს. განსხვავებული შეხედულება აქვთ გირჩში და გიორგი გახარიას პარტიაში, სადაც ვეტინგის სისტემის ქართულ მართლმსაჯულებაში დანერგვის იდეას არ იზიარებენ. ორივე პარტიაში ფიქრობენ, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩართვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების პროცესში მიუღებელია, რადგან ეს სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობად აღიქმება.

სახელისუფლებო გუნდი აქცენტს ვენეციის კომისიის 2015 წლის დასკვნაზე ამახვილებს, სადაც საუბარი სწორედ ვეტინგის სისტემას ეხება და განხილულია ალბანეთის მაგალითი. დოკუმენტში წერია, რომ ეს რადიკალური ზომა იყო, ასეთი რადიკალური გადაწყვეტა კი ნორმალურ ვითარებაში გამართლებული არ იქნებოდა.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოში სასამართლო დღეს დამოუკიდებელია და ვეტინგის დანერგვით ოპოზიცია, ახლა მოსამართლეებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. სასამართლო რეფორმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები