25 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ქვევრის ღვინის უნიკალური 8 000-წლიანი ტრადიცია და კულტურა ქართველებმა პორტუგალიელებს გააცნეს

ქვევრის ღვინის უნიკალური 8 000-წლიანი ტრადიცია და კულტურა ქართველებმა, ამჯერად, პორტუგალიელებს გააცნეს. ისტორიული, მეღვინეობით განთქმული მდინარე დორუს სანაპირო ღვინის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. აქ საქართველოს მთავარი ადგილი უჭირავს. ღვინის ქვევრში დამზადების, უძველეს, 8 000-წლიან ტრადიციასა და ისტორიას ქართველი მეწარმეები უცხოელ მეღვინეებს და მასპინძლებს აცნობდნენ.

"სიმფლსმენთ ვაინ" - ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელ მეწარმეებს ყოველწლიურად მასპინძლობს. "საქართველო ღვინის სამშობლო" - ამ გზავნილით და სპეციალური სტატუსით, გამოფენაზე საქართველომ მონაწილეობა წელს პირველად მიიღო. 

ქართული ქვევრის ღვინო, რომელიც "იუნესკომ" მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, გამოფენის მიმდინარეობისას არაერთმა უცხოელმა სტუმარმა დააგემოვნა.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია პორტოში, პორტუგალიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.

გამოფენის დასასრულს, გაიმართა კონფერენცია, სადაც ქვევრში ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. სტუმრებმა ნახეს ამერიკელი რეჟისორის, ემილი რელსბეიკის დოკუმენტური ფილმი - "ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს", რომელიც ქართულ ღვინოზე გადაღებული. ღვინის ოთხდღიან საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიომ ჩვენი ქვეყნიდან მთავარი გზავნილი მიიღო - ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია, ქართული კულტურის და ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღის ამბები