ცეცხლმოკიდებული საბურავები და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაზრდილი საპროტესტო აქცია - ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი - ბრიუსელი ქაოსმა მოიცვა. ფერმერებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა, დემონსტრანტების დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ასობით ტრაქტორით, აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის იმ რაიონის პარალიზება სცადეს, სადაც ევროკავშირის დაწესებულებებია განთავსებული. დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიერების გარღვევა ტრაქტორებით შეძლეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა შენობებს კვერცხები და დანგრეული ჯებირების ნაწილები დაუშინეს. პროტესტის ნიშნად, ფერმერებმა ათობით საბურავს ცეცხლი წაუკიდეს.
ფერმერებმა აქცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის პარალელურად გამართეს. დემონსტრანტები არაკონკურენტულ გარემოს, იაფი პროდუქციის იმპორტსა და გადასახადების ზრდას აპროტესტებენ. მომიტინგეების თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო აგრარულ პოლიტიკასა და პროდუქციაზე სამართლიან ფასებს არ დაარეგულირებს, რომლებიც, სოფლის მეურნეობაზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ.
პროტესტი გრძელდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში. ფერმერები მთავრობებისგან მოითხოვენ, შეწყდეს მათ ბაზარზე დაბალფასიანი პროდუქციის უკონტროლო შეტანა.
პროტესტმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო პოლონეთშიც. ვარშავის ცენტრში ათასობით ფერმერმა მთავრობას პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. ფერმერებმა გერმანიის საზღვართან მიმოსვლა დაბლოკეს. გზების პარალიზება მოახდინეს გერმანელმა ფერმერებმა პოლონეთის საზღვარზეც. მეწარმეები აცხადებენ, რომ, საერთო სოლიდარობით, არ დაუშვებენ იაფფასიანი უკრაინული საქონლის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას.