უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კვლავ რუსეთის ცეცხლის ქვეშაა. აგრესიის 734-ე დღეს, დაიბომბა ხერსონის ოლქი. საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადგილობრივი. საჰაერო იერიში მიიტანა რუსულმა არმიამ დონეცკისა და პოლტავას ოლქებზეც. მიზანში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები ამოიღეს.
მძიმეა ვითარება ფრონტის ხაზზე. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ არმიას შორის, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 79 მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 850 რუსი სამხედრო, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაანეიტრალეს.
საბრძოლო შეტაკებების პარალელურად, უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და მხარდაჭერის გზები განიხილეს, პარიზში, ევროპელმა ლიდერებმა. ღონისძიებას ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონის მოწვევით დაესწრო.
ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის შესაკავებლად, საფრანგეთი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთო პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ეს ვარიანტი განხილვაშია.
რუსეთმა ომი ვერ უნდა მოიგოს, მაგრამ NATO უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს - ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციაა. ამ მოსაზრებას იზიარებენ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები. განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმაც.
დმიტრი პესკოვი ამ მიდგომას რაციონალურს უწოდებს. კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ, სხვა შემთხვევაში, NATO-რუსეთის ომი გარდაუვალი იქნება.
კონფლიქტის მიმდინარეობა შეაფასა ვლადიმერ პუტინმა. ოკუპანტი ქვეყნის პირველმა პირმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსული არმიის შესაძლებლობები ყოველდღიურად გაუმჯობესდება და უკრაინაზე შეტევაც უფრო გაძლიერდება.
რუსულ არმიას წინსვლა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ავდიივკის მიმართულებით აქვს. ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის უპრეცედენტო რაოდენობის კონცენტრაციის ფონზე, აგრესორმა კიდევ ორი უკრაინული სოფელი - სტეპნოე და ლასტოჩკინო დაიკავა. მიზეზი, შესაძლოა, უკრაინულ ჯარში საბრძოლო მასალის ნაკლებობა იყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ, ამ დრომდე, ევროკავშირის მიერ დაპირებული საარტილერიო ჭურვების მხოლოდ 30% მიიღო.