25 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
როგორ ესახებათ ქართულ არასამთავრობოებს დეზინფორმაციასთან ბრძოლა - ხელისუფლებას ISFED-სა და GRASS-ის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარება

არაობიექტურობასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების "სამართლიანი არჩევნებისა" და "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელებს ადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტიაში ISFED-სა და GRASS-ის წარსული მას შემდეგ გაიხსენეს, რაც 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების საკუთარი ხედვა წარმოადგინა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პუნქტზე მუშაობის პასუხისმგებლობა კი "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" აიღეს.

"ქართულ ოცნებაში" თავად ამ ორგანიზაციებს მიიჩნევენ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებად. მმართველ გუნდში სერგი კაპანაძეს დეზინფორმაციის მხილებისთვის მილიონიანი გრანტი შეახსენეს და დაინტერესდნენ, რატომ არ მოახდინა FactCheck-მა რეაგირება ელენე ხოშტარიას იმ განცხადებებზე, სადაც "დროას" ლიდერი ამტკიცებდა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალება იყო, "სამართლიანი არჩევნებთან" კი მთავარი პრობლემა 2020 წელი და პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაა.

არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია - ასე პასუხობენ "ქართულ ოცნებას" ISFED-სა და GRASS-ში. სერგი კაპანაძემ ბრალდებებზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ISFED-ში კი ამბობენ, რომ, დაშვებული შეცდომის გამო, პასუხისმგებლობა თავმჯდომარემ აიღო.

ნულოვანი სანდოობა და არალეგიტიმურობა - ამ მიზეზებს ასახელებენ საპარლამენტო უმრავლესობაში იმის ასახსნელად, თუ რატომ არაა მესამე სექტორის უმრავლესობის პოზიციები მათთვის მისაღები და დამაჯერებელი.

არც რეპუტაციასთან და არც კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეკითხვები ISFED-თან და GRASS-თან არ აქვს ოპოზიციის ნაწილს. პოლიტიკურ პარტიებში საპირისპიროს ფიქრობენ და სწორედ მესამე სექტორის, მათი და პრეზიდენტის ჩართულობითაა შესაძლებელი 9 დათქმის შესრულება თუმცა, ამ იდეას ყველა პოლიტიკური ძალა არ იზიარებს.

მმართველი გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია ის პოზიციები, რომელიც კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ მათი მცდელობები უშედეგო იქნება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულება სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს, ოპონენტებისა და მესამე სექტორის ნაწილის მიზანი კი არა ამ პროცესის ხელშეწყობა, არამედ მიზანმიმართული ხელშეშლაა.

დღის ამბები