25 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" - წიგნს "ხალხის ძალა" ლგბტ თემის პროპაგანდის ერთ-ერთ ღია გამოვლინებად აღიქვამს

"ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" - "ხალხის ძალა", ამჯერად, წიგნს აპროტესტებს. მიზეზი მასში თავმოყრილი 100 ნამუშევარია, რომელთაც ერთი სახელწოდება აერთიანებს - "ცისფერი". წიგნი არაერთი არტისტის ნამუშევარს მოიცავს, მათ შორის არიან ელენე ახვლედიანი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი, სერგო ფარაჯანოვი, ოლეგ ტიმჩენკო და თამარ კვესიტაძე.

წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 6 მარტსაა დაგეგმილი, "ხალხის ძალა" ლგბტ თემის პროპაგანდის ერთ-ერთ ღია გამოვლინებად აღიქვამს. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ წიგნის ავტორთა და დამფინანსებელთა მთავარი მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებაა. ახალ ქართულ ნაწარმოებს შვეიცარიის, ჰოლანდიის საელჩოები და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს, რაც "ხალხის ძალას" უჩენს კითხვა - რატომ დებს მსგავსი ტიპის აქტივობებში დიპლომატიური კორპუსი თანხას?

"ხალხის ძალა" ოპოზიციას დუმილის გამო აკრიტიკებს და მათ მთავარ კითხვაზე - რატომ ფინანსდება ლგბტ თემის პროპაგანდა - პასუხს სწორედ იმ ოპონენტებისგან ელოდება, რომლებმაც 2021 წელს უმცირესობის უფლებების დაცვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმომწერებიდან დღეს "ევროპულმა საქართველომ", "დროამ", "ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ" კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სხვა პარტიებშიც არაფერი თქვეს დაფინანსების ნაწილზე და განმარტეს მხოლოდ ის, რომ წიგნის შესახებ და მის შინაარსზე ინფორმაცია არ აქვთ.

ოპოზიციის მეორე ნაწილიც "ხალხის ძალის" შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, მათ განცხადებას კი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

რატომ აფინანსებს დიპლომატიური კორპუსი წიგნს, რომელიც, ლგბტ თემის პროპაგანდის კუთხით, საპარლამენტო უმრავლესობას კითხვებს უჩენს - პასუხი არც არასამთავრობო სექტორში აქვთ. IDFI-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ევროკავშირი ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტით მოქმედებს.

დაფინანსების საკითხზე კითხვები აქვს სახელისუფლებო გუნდსაც, სადაც "ხალხის ძალის" პოზიციას იზიარებენ.

"ხალხის ძალის" დღევანდელ ბრიფინგს წინ, ამავე თემატიკაზე, მათ მიერ გამოქვეყნებული წერილი უძღოდა. მოძრაობის წევრები გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბრძანებას აფასებდნენ, რომლის მიხედვითაც, ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს მოუწოდებდა სიტყვების "დედა", "მამა", "ქმარი" და "ცოლი" - ხსენებისგან თავი შეეკავებინათ. "ხალხის ძალა" წერდა, რომ მიმდინარეობს ადამიანის იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღის ამბები