25 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
მორიგი სპეცოპერაცია ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისის აეროპორტში - ნარკოტიკებით მოვაჭრე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფაქტზე აიყვანეს

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული, სპეცოპერაციის ადგილია. ცოლ-ქმარს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავის ჩასასხმელად გაჩერდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მათგანს რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს.

დაკავებული ცოლ-ქმარი, "კურიერის" ინფორმაციით, იგორ ბელოსტოცკი და ბელა ბატინოვაა. ზუგდიდის სასამართლომ ბრალდებულები 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. 52 წლის ქალი და 53 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულია კიდევ ორი პირი. მათ შორის - ჩინეთის 26 წლის მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველებმა ბათუმის ბულვარში აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს თან ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა. ის გაჩხრიკეს და კონკრეტული ნივთმტკიცებულებებიც ამოიღეს.

დაკავების ღონისძიება ჩატარდა თბილისი საერთაშორისო აეროპორტშიც. ოპერატიული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პატრიკ ფილიპ კოგანი შეამოწმეს და, მისი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. 27 წლის მამაკაცს ხელბორკილები საზღვარზე დაადეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის მუხლით მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე, დღის ბოლოს, ოფიციალური განცხადება გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ ოთხივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. 2024 წლის მონაცემებით, სულ დაკავებულია 270 პირი, მათ შორის ისინი, ვინც ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდნენ. მასშტაბური სპეცოპერაციების დეტალებზე განცხადება, რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. გავრცელდა ფარული ვიდეომასალაც, სადაც ჩანან ბრალდებულები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდნენ. ჩანაწერების მიხედვით, რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტითაც, ხელიდან ხელში და ე.წ. დადებით. იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკის შემოტანას საქართველოში სხეულით ცდილობდა.

დღის ამბები