25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
"კოკაინი", "მეტამფეტამინი", "MDMA", "მეთადონი" "კეტამინი"... საქართველოს პროკურატურამ ჩინეთის, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთისა და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "მეტამფეტამინს", "მდმა-ს", "მეთადონს" და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება "კეტამინს". ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "მდმა-ს" და "კოკაინს".

4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

დღის ამბები