25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
კორუფციის ფაქტი არასდროს ყოფილა წალენჯიხის მერიაში - წალენჯიხის მერის მოადგილე

რამდენიმე წუთში, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალს წარუდგენენ. მათგან ერთ-ერთი, მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი - თეიმურაზ მებონიაა. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, შოთა მანელიძე აცხადებს, რომ ბრალის წარდგენამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებს და, ამ ეტაპზე, არც დაკავებულების პოზიციის შესახებ ფლობს ინფორმაციას. 

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს წალენჯიხის მერი, ხოლო მისი მოადგილის განცხადებით, წალენჯიხის მერიაში კორუფციის ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა.

"დანაშაული დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შესაბამისად, წინასწარ, მოკვლევის ეტაპზე, დანაშაულის შემადგენლობაზე საუბარი ზედმეტია. შემდგომში რას აჩვენებს გამოძიება, ამას უნდა დაველოდოთ და ამას გვიჩვენებს დრო, ხოლო რაც შეეხება კორუფციულ ფაქტებს - მსგავსი ფაქტი არასდროს ყოფილა წალენჯიხის მერიაში. ობიექტის გასხვისების არანაირი საპროცედურო საკითხი დაძრული არ ყოფილა, ანუ, არავის არ მოუმართავს მერიაში ამ ობიექტის გადაცემასთან ან საპრივატიზაციოდ გამოტანასთან დაკავშირებით. ამიტომ, სიტყვიერი ურთიერთობაც კი არ ყოფილა ჩვენსა და იმ თანამშრომლებს შორის," - აცხადებს ვანო ბურდული.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები