25 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
რა არის ვეტინგის სისტემა, რომლის საქართველოში დანერგვა ენმ-ს ინიციატივაა - ალბანურ მოდელს, მმართველი გუნდის გარდა, არც ოპოზიციის ნაწილი იზიარებს

რატომ არ არის მიზანშეწონილი ქართულ სასამართლო სისტემაში ვეტინგის გამოყენება, ანუ ალბანური მოდელის გადმოქართულება? "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის საპირწონედ ვენეციის კომისიის დასკვნა მოყავს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ ალბანეთთან დაკავშირებით 9 წლის წინ გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისია შეფასების დოკუმენტში წერს, რომ ვეტინგი კონსტიტუციური კანონის პროექტში ყველაზე რადიკალური შემოთავაზებაა და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალბანეთის სასამართლო სისტემაში კორუფციის დონე არის ექსტრემალურად მაღალი და სიტუაცია საჭიროებს გადაუდებელი და რადიკალური ზომების მიღებას, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტა ნორმალურ პირობებში არ იქნებოდა გონივრული, ვინაიდან ეს ქმნის უზარმაზარ დაძაბულობას სასამართლო სისტემაში, ახდენს მისი საქმიანობის დესტაბილიზაციას და აძლიერებს სასამართლოსადმი საზოგადოების უნდობლობას. ვენეციის კომისიამ ალბანეთის შემთხვევაში თქვა, რომ ვეტინგის სიტემა არის საგანგებო და მკაცრად დროებითი ღონისძიება და იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის პრობლემა სასამართლო სისტემაში ალბანეთის მსგავს მასშტაბებს არ აღწევს, მსგავსი ზომების მიღება რეკომენდირებული არ არის.

ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ იციან "ნაციონალურ მოძრაობაშიც", თუმცა ამ საკითხის ინიციატორები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ ვეტინგის მეთოდი საერთაშორისოდ აპრობირებულია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

გარე პერსონების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, ოპოზიცია ცდილობს სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყაროს.

უცხოელი დიპლომატების თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან, ქართველი მოსამართლეების შეფასების სისტემის დანერგვა არ ხიბლავს ოპოზიციის ნაწილსაც. "გირჩისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებისთვის "აციონალური მოძრაობის" ინიციატივა უინტერესოა.

სასამართლო დამოუკიდებლობის დაკარგვა და ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში - მმართველ გუნდში ამ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარე ძალების მეშვეობით, ოპოზიცია სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს.

მმართველ გუნდში დღეს ვენეციის კომისიის კიდევ ერთი დასკვნა გაიხსენეს. გასულ წელს კომისიამ ქართული მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისას მკაფიოდ თქვა, რომ ისეთი საგანგებო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობა, როგორიც ვეტინგია, დამოკიდებულია ქვეყანაში შექმნილ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რაც უმთავრესად ეროვნული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესით უნდა გადაწყდეს.

დღის ამბები