ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, თითქმის 20 წლის შემდეგ, პირველად განახლდება. სიახლის შესახებ, პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.
განათლების მინისტრმა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.
ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა აღუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე, დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობის და სამართლიანობის პრინციპები და შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღებას თანამედროვე სამყაროში.
დოკუმენტის მიზნებსა და ამოცანებზე, განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვრცლად მედიასთან ისაუბრა. გიორგი ამილახვარის განცხადებით, განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი იქნება ერთგვარი კონსტიტუცია, რომელიც თაობებს გაზრდის. პროექტი, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას გულისხმობს. მინისტრმა მშობლებს, პედაგოგებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს, სამუშაო ვერსიის დამუშავების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა.
დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას: ეროვნული იდენტობის შენარჩუნება; ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა; სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი; ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა; თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.
სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა, საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს.
სანამ დოკუმენტი სკოლებში შევა, მასზე განათლების სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ და განხილვის პროცესში ჩართვასაც აპირებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ დოკუმენტი რომელიც 20 წლის შემდეგ პირველად განახლდება, ზოგადი განათლების სფეროში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
პროექტი საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, განათლების სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდოს. უახლოეს დღეებში, დოკუმენტზე საზოგადოებრივი განხილვა დაიწყება, საბოლოო ვერსია კი, შემდგომი პროცედურებისთვის პარლამენტს გადაეგზავნება.