25 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ - უპრეცედენტო საქმეზე, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მერიის სასარგებლოდ გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, საქმეზე "რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაცხადა. გაუქმდა საკრებულოს თავმჯდომარის 28 სექტემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს, მერიის მიერ წარდგენილი საკითხების ახლიდან განხილვა დაევალა. მოსამართლემ, არაუფლებამოსილ პირებად ცნო საკრებულოს კომისიებიც და შესაბამისად, ისინი პროექტებს უკეთ შესწავლის მიზეზით უკან ვეღარ დააბრუნებენ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სრულად დააკმაყოფილა მერიის სარჩელი, რაც ნიშნავს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხელოვნურად ვეღარ შეფერხდება. მერიის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას პარტია წარმოადგენს, საინვესტიციო პროექტების განხილვას, მიზანმიმართულად, რეგლამენტის დარღვევით აჭიანურებდა და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებდა. საპირისპიროს ამტკიცებდა საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გახარიას პარტიის წევრია, პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი, სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ნოდარ შეროზიამ ჯერ არ იცის გაასაჩივრებს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.

"ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ" - ასე შეაფასა ქალაქის მერმა სასამართლოში მიმდინარე საქმე. ნინო ლაცაბიძე, მოსამართლის გადაწყვეტილებას პრეცედენტული უწოდა და თქვა, რომ მომავალში ვერცერთი პოლიტიკური დაჯგუფება ვეღარ შეძლებს, საკრებულოს რეგლამენტი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგოს.

რუსთავის მერიამ, სასამართლოს სარჩელით 2023 წლის 27 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, დაუსაბუთებელი მიზეზებით შეაფერხა.

დღის ამბები