25 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ანაზღაურებადი სტაჟირება უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის - ახალი პროექტის დეტალურ გეგმას განათლების სამინისტრო ერთ კვირაში წარმოადგენს

სექტემბრიდან, საჯარო უწყებები ვალდებულები იქნებიან, ახალგაზრდებს პროფესიული უნარ-ჩვევებიც მისცენ და ხელფასიც გადაუხადონ. ახალი პროექტი 4 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს და ის, უნივერსიტეტების დიპლომის მქონე 2-დან 3 000-მდე ახალგაზრდაზეა გათვლილი. 

პრაქტიკული უნარების და ცოდნის დაგროვება, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, წელსვე შეეძლებათ. სტუდენტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის პროფესიული წინსვლის და თეორიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობაა.

წელსვე პროექტში უნივერსიტეტების 3 000 კურსდამთავრებული ჩაერთვება. ახალ ინიციატივაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სახელმწიფო სტრუქტურებში 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. პროექტში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტები და კერძო სექტორიც.

ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებულ დეტალურ გეგმას, განათლების სამინისტრო ერთ კვირაში წარმოადგენს. მინისტრი ამბობს, რომ უწყებათაშორისი კომისია, კონკურსს ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩაატარებს. კურსდამთავრებულები კი სხვადასხვა უწყებებში სექტემბრიდან გადანაწილდებიან.

ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაზე კანონი პარლამენტმა მიიღო. შესაბამისი ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია. განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილი.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების გარდა, უწყება უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს, მათ ინტერესებზე მორგებულ, სხვა ინიციატივებსაც შესთავაზებს.

დღის ამბები